სკოლაში შექმნილია დამრიგებელთა საფიხვნო.
კონცეფცია:
დამრიგებელის მუშაობის მიზანია, დაეხმაროს მოსწავლეებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში, პიროვნული, ზნეობრივი, გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების განვითარებაში; დამრიგებელი ხელს უწყობს მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, უვითარებს მათ დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებას და ეხმარება მათ ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გააზრებაში.
დამრიგებელის მოვალეობებია:
- გააცნოს მოსწავლესა და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს მათი უფლებები და მოვალეობები (სკოლის შინაგანაწესი, მოსწავლის ეთიკის კოდექსი, სასკოლო სასწავლო გეგმის საკითხები და სხვ.);
- რეგულარულად ჩაატაროს სადამრიგებლო საათი;
- დაეხმაროს მოსწავლეს აკადემიურ თუ სასკოლო გარემოში წამოჭრილი სხვადასხვა პრობლემის გადაჭრაში;
- იყოს შუამავალი მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს შორის პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში;
- რეგულარულად მიაწოდოს მშობელს ინფორმაცია მოსწავლის აკადემიური მიღწევის, დისციპლინის, პიროვნული პრობლემებისა თუ წარმატებების შესახებ. დაუშვებელია ერთი მოსწავლის დისციპლინისა და აკადემიური მიღწევის შესახებ სხვისი თანდასწრებით საუბარი;
- საჭიროების შემთხვევაში, შეხვდეს დაინტერესებულ მშობელს და მიაწოდოს მას მოსწავლესთან და სკოლაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ინფორმაცია;
- გაიგოს მოსწავლის მიერ გაკვეთილების გაცდენის მიზეზი;
- გააკეთოს სადამრიგებლო კლასის თითოეული მოსწავლის აკადემიური მიღწევის, გაკვეთილებზე დასწრებისა და ქცევის ანალიზი მასწავლებლებისაგან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე და დაწეროს თითოეული მოსწავლის მოკლე დახასიათება. დახასიათებაში აღწერილი უნდა იყოს მოსწავლის ძლიერი მხარეები, მისი წარმატებები როგორც აკადემიური, ასევე სოციალური ურთიერთობების თვალსაზრისით, მოსწავლის მონაწილეობა წრეებში, სპორტულ შეჯიბრებებსა თუ სხვა სახის ღონისძიებებში; დახასიათებაში ასევე გაანალიზებული უნდა იყოს ყველა ის საკითხი,რომელიც მნიშვნელოვანია მოსწავლის კოგნიტური, ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარებისათვის. ეს ინფორმაცია უნდა მიეწოდოს მშობელს.
- მოსწავლის სხვა სკოლაში გადასვლის შემთხვევაში, დამრიგებელმა უნდა მოამზადოს ინფორმაცია მისი აკადემიური მიღწევისა და გაკვეთილებზე დასწრების შესახებ მოსწავლის პირად საქმეში შესატანად.
დამრიგებლის მუშაობის პრინციპი
დამრიგებლის მუშაობა შემდეგ პრინციპებს ემყარება:
- სრულფასოვანი აღზრდა – სააღმზრდელო მუშაობა მიმართული უნდა იყოს პიროვნების ფიზიკური, ფსიქიკური, სოციალური და სულიერი განვითარებისაკენ;
- მოსწავლის შესაძლებლობების გამოვლენა – დამრიგებლის ფუნქციაა მოსწავლის შინაგანი ძალების ამოქმედება და მათი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენისათვის სათანადო პირობების შექმნა;
- მოსწავლეებში პასუხისმგებლობებისა და ვალდებულების გრძნობის განვითარება – დამრიგებელმა მოწავლეთა ჩართულობის ხელშესაწყობად საშუალება უნდა მისცეს მათ მონაწილეობა მიიღონ აქტივობების (ზეიმები, ლაშქრობები, ექსკურსიები, და სხვ.) დაგეგმვასა და ამ დროს წამოჭრილი პრობლემების მოგვარებაში. დამრიგებელმა მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს მოსწავლეთა ინტერესები;
თანამშრომლობის პრინციპი – დამრიგებლის ურთიერთობა მოსწავლეებთან უნდა ემყარებოდეს თანამშრომლობას, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობას.