https://sulakauri.edu.ge/rogor-tsavakhalisoth-tsigniereba/?fbclid=IwAR1Nc9D4xtHLTwdeqWnvvyCjolMyI4gNAitl5Exb43iPzZLEE3MtExZwVjc
🎉 „როგორ წავახალისოთ წიგნიერება“ – ეს კონკურსი მასწავლებლებისთვის იყო განკუთვნილი.
🤩პედაგოგების აქტიური გამოხმაურება და მონაწილეობა ჩვენთვის ძალიან საამაყო და მნიშვნელოვანია.
⭐ გაეცანით გამარჯვებული მასწავლებლების წერილებს ჩვენს საგანმანათლებლო პლატფორმაზე: sulakauri.edu.ge
სალომე ღლონტი
ლეილა ხონელიძე
ნათელა ღლონტი
კითხვის საიდუმლო
21-ე საუკუნეში, როცა ამდენი გასართობია, როცა კომპიუტერი ბავშვებს ეშმაკურად თვალს უკრავს და მისკენ სათამაშოდ იწვევს, რთულია, იგი წიგნთან მიიყვანო. როცა ამდენი ალტერნატიული საშუალებაა, რატომ უნდა წაიკითხოს? მხოლოდ საპროგრამო ტექსტები ბავშვს ვერ განავითარებს. მხატვრული ლიტერატურის წაკითხვა კი მოსაწყენ, რთულ, მომაბეზრებელ პროცესად ეჩვენებათ. წიგნის დანახვისას მესმის ჩვეული ფრაზები: „აუ, მას, რამხელაა! ამას როდის დავამთავრებ“, „მას, ამაში დროის დახარჯვას სჯობს, საღამოს რაიმე ვითამაშო.“ ვფიქრობ, ამ პრობლემის წინაშე არა მარტო მე, არამედ სკოლებისა და მასწავლებელთა უმრავლესობა დგას. ჩემი აზრით, ამ პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი გზა, ბავშვებისთვის ლიტერატურის ფრთხილად და საინტერესოდ მიწოდებაა.ვიცოდი, რომ ხელი არ უნდა ჩამექნია. მინდოდა, როგორმე კითხვა სიამოვნებად მექცია ბავშვებისთვის. ვფიქრობდი, როგორ ჩამერთო მათთვის საყვარელი კომპიუტერი ამ პროცესში. მინდოდა, მიმხვდარიყვნენ, რომ კომპიუტერი მხოლოდ გასართობი საშუალება არ არის. ამიტომ ბევრი ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტე, მათთვის ყოველ შაბათ-კვირას ელექტრონულად გამეგზავნა მცირე მოცულობის მოთხრობები, წაიკითხავდნენ კომპიუტერში ან პლანშეტში და ორშაბათს განვიხილავდით. პირველ ჯერზე კლასის ნახევარმა წაიკითხა. მეტი მოტივაციისთვის, ორშაბათს ჩავედით სკოლის ეზოში და ჭიქა ჩაისა და ნუგბარის თანხლებით განვიხილეთ მოთხრობა. აღფრთოვანებულები იყვნენ, მთელი დღის განმავლობაში ჰყვებოდნენ, მასწავლებელთან ერთად როგორ დალიეს ჩაი და ისაუბრეს ლიტერატურაზე. მომდევნო ორშაბათს მკითხველთა რაოდენობა გაიზარდა. ნელ-ნელა, შეუმჩნევლად ტექსტის მოცულობის გაზრდა დავიწყე და ჩვეულებად გვექცა შაბათ-კვირას ელექტრონულად წაკითხული ტექსტების ორშაბათს ჩაის თანხლებით განხილვა. ამის შედეგად ჩამოვაყალიბეთ მკითხველთა კლუბი „წიგნომანები“, რომელშიც კლასის ყველა მოსწავლე გაერთიანდა (აუცილებელი პირობა იყო). ჩემს პირველ მიზანს მივაღწიე – კითხვით დაინტერესდნენ. ახლა კი მინდოდა, ტექსტი მონიტორზე კი არა, უშუალოდ წიგნიდან წაეკითხათ. მივხვდი, მათი კითხვის გზა „საკვებზე გადიოდა“. ამიტომ ვუთხარი, თუ წიგნს წაიკითხავდნენ, განხილვას მოვაწყობდით კაფეში, ან პიკნიკზე წავიდოდით ბუნებაში. ვინც არ წაიკითხავდა, ის კლასში დარჩებოდა. ამან მეტი მოტივაცია მისცა ბავშვებს. მათ უნდა მოესწროთ დათქმულ ვადაში წაკითხვა. წასაკითხად ერთი თვე მივეცი.
ჩემი მოლოდინი გამართლდა. რა თქმა უნდა, პირველივე ჯერზე ყველა არ ჩაერთო გამოწვევაში. ვინც წაიკითხა, უფრო მეტად კაფეში წასვლის ხალისის გამო. ის უფრო აინტერესებდათ, პიცა როგორი იყო, ვიდრე ის, თუ როგორ იძიებდა პატარა კალე ბლუმკვისტი ამბებს, ან ბარის რატომ არ მოსწონდა თავისი მშობლები. აღფრთოვანებულნი დაბრუნდნენ კლასში, არაფორმალურ და სასიამოვნო გარემოში სადილი, წიგნის განხილვა, ლიტერატურული თამაშები ძალიან მოეწონათ. შემდეგ ჯერზე უფრო მეტი ჩაერთო ამ გამოწვევაში. უმეტესობა უკვე კითხვის სიამოვნების გამო, ზოგიერთი – პიცის და ზოგმაც კლასში დარჩენა ითაკილა.
ჩვენ წასაკითხი ლიტერატურის არჩევის სამი გზა გვაქვს:
- ვფიქრობ, არსებობს წიგნები, რომლებიც აუცილებლად ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს წაკითხული. ასეთ წიგნებს ვარჩევ მათი ასაკის მიხედვით და სახალისოდ წარვადგენ კლასში ბავშვების დასაინტერესებლად.
- ზოგჯერ ორი ან სამი წიგნი შემაქვს ერთდროულად, ყველას ანოტაციას ვაცნობ და თავად ირჩევენ, რომელი წაიკითხონ. განხილვის დროს კი ერთმანეთს აწონებენ თავიანთ წიგნებს და ცვლიან ხოლმე.
- რა თქმა უნდა, ბავშვს სჭირდება ლიტერატურული თავისუფლება. ზოგჯერ ისინი თავად ირჩევენ იმ წიგნს, რომლის წაკითხვაც სურთ.
სალომე ღლონტი,
ბათუმი. „მეგასკოლა“

