ქცევითი სტრატეგიები კონფლიქტურ სიტუაციებში ფსიქოლოგი-სოფო ჩინბა

ქცევითი სტრატეგიები კონფლიქტურ სიტუაციებში ფსიქოლოგი-სოფო ჩინბა

კონფლიქტი თითოეული ჩვენგანის განუყოფელი ნაწილია. ის შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოვლინდეს. მაგ: დისკუსიის, აზრთა სხვადასხვაობის, დავის დროს. ამ დროს ადამიანები ვერ ახერხებენ ემოციების მართვას და დაპირისპირების ხარჯზე მხარეები ცდილობენ საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.
ჩვენ ყოველდღიურად გვიწევს კონფლიქტურ სიტუაციებთან შეჭიდება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ,თუ როგორ გავართმევთ თავს და მარტივი დანაკარგებით როგორ შევძლებთ ამ შეჯახების განეიტრალებას, ამიტომაც კონფლიქტი უნდა აღვიქვათ კონსტრუქციულად, რათა ორიენტირებული ვიყოთ წინააღმდეგობის დაძლევაზე.
თუ პიროვნება საკუთარ მიზნებზეა ორიენტირებული, ის კონფლიქტურ სიტუაციაში იკავებს დომინანტურ ადგილს ან გაურბის პრობლემებს, ხოლო სხვების მიზნებსა და ინტერესებზე ორიენტირებული -თანამშრომლობისა და დათმობის სტრატეგიებს ამჯობინებს. როცა ორივე მხარის მიზნებს ვითვალისწინებთ , შედეგად ვიღებთ კონფლიქტის კომპრომისულ გადაწყვეტას. პრობლემის გადაჭრა თანამშრომლობის გზით ხელს უწყობს გახსნილობას. ამ დროს დგინდება მხარეთა ინტერესები, მიზნები და პრიორიტეტები.
მართალია, კონფლიქტური სიტუაციები სკოლაში გარდაუვალია, მაგრამ სწორი მიმართულებით წარმართვით სარგებლის მიღებაც არ არის გამორიცხული.
რეკომენდაციები პედაგოგებისა და მშობლებისთვის ბავშვებში კონფლიქტური სიტუაციების სამართავად:
ბავშვები მოვარიდოთ როგორც ზედმეტ შექებას, ასევე ლანძღვას;
მოვერიდოთ გაკიცხვას სხვების თანდასწრებით, მაშინაც კი ,თუ არ არის მართალი;
კონფლიქტის დროს დამნაშავე არ არის ერთი მხარე. ამიტომ არ მივიღოთ სწრაფი გადაწყვეტილებები და არ ვეძებოთ მტყუან-მართალი;
საჭიროა გააანალიზდეს არსებული სიტუაცია და კარგად გავერკვეთ კონფლიქტის აღმოცენების მიზეზებში;
ბავშვთან ვისაუბროთ მხოლოდ კონკრეტულ სიტუაციაში აღმოცენებულ ვითარებაზე და არ გავუხსენოთ წარსულში ჩადენილი მიუღებელი ქცევა;
მოვარიდოთ ბავშვები მიიღონ პირდაპირი რეკომენდაციები, მივცეთ დრო, რათა თავად სცადონ ამ სიტუაციიდან გამოსავლის ძიება;
მოვუსმინოთ, რას ამბობს ბავშვი, ვიყოთ აქტიური მსმენელები, რათა იგრძნონ, რომ მათი აზრი მნიშვნელოვანია და გაძლიერდება ნდობა ჩვენთან მიმართებაში. ამის შემდეგ ბავშვს გაუჩნდება სურვილი, რომ ჩვენც მოგვისმინოს და გაითვალისწინოს ჩვენი სურვილები;
არ მივაკრათ იარლიყები: „უპასუხისმგებლო“, „ზარმაცო“, „უმაქნისო“.
გავითვალისწინოთ, რომ ბავშვებს მივცეთ შესაძლებლობა ,დამოუკიდებლად იმოქმედონ, თუ სიტუაცია დაიძაბა უმნიშვნელო მიზეზების გამო და მას აქვს უნარი, მოაგვაროს ეს პრობლემა.
სავარჯიშო: „მე ბავშვობაში“.
სთხოვეთ ჯგუფის წევრებს ,გაიხსენონ თავიანთი ცხოვრების მანძილზე პირველად როდის გაუჩნდათ განცდა, რომ რაღაც დააშავეს? შესაძლოა ,ეს იყოს შორეული ბავშვობის მოგონებაც, ამიტომ მიეცით რამდენიმე წუთი გასახსენებლად;
მიეცით საშუალება ჯგუფის წევრებს, გაუზიარონ სხვებს საკუთარი მოგონება და პირველი დაიწყეთ თქვენ, რათა არ შეიქმნას უხერხული დუმილი და დაძაბულობა.
მადლობა გადაუხადეთ ჯგუფის წევრებს გაზიარებისა და გულწრფელობისთვის.