დღევანდელი ვითარება რადიკალურად განსხვავდება ჩვენი ცხოვრების ყოველდღიურობისგან. შეიცვალა ცხოვრების რიტმი, გვაქვს აკრძალვები და გვიწევს იზოლირებულ გარემოში ცხოვრება, რაც საკმაოდ რთულია თითოეული ჩვენგანისთვის, ვინაიდან ადამიანებს გვიყვარს თავისუფლება. ეს ყველაფერი კი გვზღუდავს და გარკვეულწილად ბორკილებსაც გვადებს. შეიცვალა არა მხოლოდ ზრდასრული ადამიანების, ასევე მოზარდების დღის რეჟიმი. მათ არ უწევთ სკოლაში წასვლა, მეგობრებთან, მასწავლებლებთან კომუნიკაცია კი მხოლოდ ონლაინ რეჟიმშია შესაძლებელი, მაგრამ ამ სიტუაციაშიც კი არ ვართ მარტო.
ონლაინ შეგვიძლია ერთმანეთის მხარდაჭერა, ურთიერთობა, ვინაიდან, ჩვენ არ გვეკრძალება სოციალური კონტაქტი. რა თქმა უნდა, ვერ შევადარებთ ონლაინურთიერთობის ხარისხს ფიზიკურ სიახლოვეს, თუმცა პრობლემის აღმოსაფხვრელად ეს კარგი გამოსავალია. ერთობლივად ამდენი ცვლილება ზრდის სტრესის დონეს, დიდია მოლოდინი, შფოთვა, შიში, მატულობს ნეგატიური გუნება-განწყობილება.ტელევიზია განუწყვეტლივ პანდემიასთან არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს. ამ ყველაფერს კი ბავშვი ხედავს, ესმის და განიცდის. სტრესული გარემო კი განსაკუთრებულად ზრდის სხვადასხვა დაავადების წარმოშობის ალბათობას, ამიტომაც ბავშვებს უნდა შევუმსუბუქოთ და მაქსიმალურად ვიყოთ მათ გვერდით, რათა იგრძნონ ჩვენი მხარდაჭერა.
მოზარდები განვარიდოთ ნეგატიურ ინფორმაციას, რადგან ის მოქმედებს მათ განწყობაზე, ქცევაზე, ემოციაზე. იზოლაციაში ყოფნა არ ნიშნავს მოდუნებას, სიზარმაცის მოჭარბებას და ადამიანის პასიურ ცხოვრებას. ამიტომაც ბავშვებს შევთავაზოთ ალტერნატივა, რათა დღის რეჟიმი მოსაწყენი არ გახდეს. დავამყაროთ მათთან კომუნიკაცია, გავიხსენოთ ჩვენთვის სასიამოვნო ისტორიები, ვუყუროთ საინტერესო ფილმებს და განვიხილოთ მათთან ერთად, ჩავრთოთ საყოფაცხოვრებო საქმეებში და ა.შ.
მათ ახალი შესაძლებლობები უნდა აღმოაჩინონ, რადგან ამისთვის უფრო მეტი დროა, ეს დრო კი რაციონალურად უნდა გამოიყენონ. მაგალითად: თუ მოზარდს აქვს შემოქმედებითი უნარები, აუცილებლად უნდა ხატოს, იმღეროს, დაუკრას, მოუსმინოს საყვარელ მუსიკას, წაიკითხოს სხვადასხვა ჟანრის წიგნები. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობების განხორციელება სახლის პირობებში, ჯანსაღი საკვების მიღება იმუნიტეტის გაძლიერებისთვის, რაც ჩვენი ჯანმრთელობის საწინდარია.
ამიტომაც, მშობლებო, თქვენ უნდა იყოთ მიზანმიმართული იმისკენ, რათა უფრო საინტერესო გახადოთ დღევანდელობა მოზარდებისთვის და ხელი შეუწყოთ მათ განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით. გვახსოვდეს ,რომ ეს ყველაფერი დროებითია და მალე დასრულდება, ამიტომაც მეტი პოზიტივით განვეწყოთ და განვაწყოთ ბავშვებიც.
გთავაზობთ ერთ-ერთ სავარჯიშოს, რომლის მიზანია დადებითი განწყობის შექმნა მონაწილეებს შორის.
სავარჯიშო: „სუპერძალა“.
თქვენ რომ სუპერ ძალა გქონდეთ, რას გააკეთებდით? მხოლოდ ერთი სურვილის დასახელება არის შესაძლებელი. პირველად მშობელმა დაიწყოს სავარჯიშოს შესრულება და შემდეგ ბავშვმა გააგრძელოს, კარგი იქნება ჯგუფში 4-5 ადამიანის გაერთიანება. არ მისცეთ ბავშვს დაწვრილებითი ინსტრუქცია და არც პასუხებში შეზღუდოთ. მიეცით საშუალება, გამოიყენონ საკუთარი წარმოსახვა და ფანტაზიის უნარები.
მომავალ შეხვედრამდე❤
თქვენი-სოფი ჩინბა
